- პარტიებს შორის პოლიტიკური შეჯიბრის წესების შესახებ დიალოგის შენარჩუნება
- არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეზე ყოველთვის განსხვავებულ პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს. ყველა საკანონმდებლო ცვლილება, მიუხედავად იმისა, იქნება ის ფორმალურად დისკრიმინაციული ხასიათის თუ არა, ერთ პარტიას სხვასთან შედარებით უფრო ხელსაყრელ პირობებში შეიძლება აყენებდეს. ამავე დროს, მთლიანად პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია, თამაშის წესები მისმა ყველა მონაწილემ როგორც სამართლიანი აღიაროს. საქართველოს შემთხვევაში ეს ასე არ არის: პოლიტიკური შეჯიბრის წესების ლეგიტიმურობის დონე საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, პარტიების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის გარშემო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. მმართველმა პარტიამ არ უნდა გამოიყენოს საკანონმდებლო ორგანოში მისი დომინირებული მდგომარეობა და მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც სხვა პოლიტიკური აქტორების ინტერესებს ითვალისწინებს. თავის მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმა რეალურად უნდა შეაფასონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მათ მიერ გავლენის მოხდენის შესაძლებლობა და არ უნდა მოახდინონ შესაბამისი საკითხების ზედმეტი პოლიტიზირება. რა თქმა უნდა, ოპოზიცია მოვალეა, კონტროლი გაუწიოს და გააკრიტიკოს ხელისუფლება, მაგრამ ამას ზოგადი მიზნებიდან გამომდინარე უნდა აკეთებდეს. იგივე ითქმის ხელისუფლებაზეც. მსგავსი პარტიათშორისი დიალოგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით წარიმართოს. შეიძლება მუდმივ მოქმედი ფორუმი შეიქმნას პარტიული ლიდერების მონაწილეობით. ეს პარტიების წარმომადგენლებს თანასწორ პირობებში უშუალოდ პარტიული საქმიანობის და პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შესაძლებლობას მისცემს. დიალოგს რომ უფრო ინფორმაციული და ღია ხასიათი ჰქონდეს, საჭიროა მასში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტების ჩართვა. მთლიანობაში, დიალოგის წარსამართად გადამწყვეტი მნიშვნელობა მასში სხვადასხვა პოლიტიკური ძალისა და საზოგადოებრივი ჯგუფის ფართო ჩართულობას ექნება.Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.]: CIPDD, 2006
Georgian encyclopedia. 2013.